English / ქართული / русский /
ხათუნა შალამბერიძე
საბანკო კონკურენციის სრულყოფის ძირითადი მიმართულებანი საქართველოში

ანოტაცია

საქართველოში საბანკო საქმიანობა მნიშვნელოვნად საჭიროებს ისეთ რეგულირებას, რომელიც უზრუნველყოფს სამართლიანი და საკმარისი კონკურენციის პირობების შექმნას, რაც ქვეყნის საბანკო სექტორის ეფექტიანი განვითარების გარანტიაა. საბანკო სისტემის მდგრადობის შენარჩუნებისათვის აუცილებელია კონკურენციის დონის არსებობა. დღეს იგი საკმაოდ მნიშვნელოვანი პრობლემაა, რამდენადაც კონკურენცია საბანკო სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირებისა და პროგრესული განვითარების აუცილებელი ელემენტია.

საკვანძო საკითხები: საბანკო კონკურენციის საკანონმდებლო-სამართლებრივი სივრცე; ინსტიტუციური უზრუნველყოფა; მეთოდური რეკომენდაციები.

შესავალი

საქართველოს საბანკო სექტორი ორ ათეულ წელზე მეტია ფუნქციონირებს და ვითარდება საბაზრო ეკონომიკის პირობებში. მან უკვე მოასწრო მოთხოვნების მიმართ ადაპტირება და გამოიმუშავა საბანკო საქმიანობის არასასურველი შედეგებისა და შეცდომებისაგან თავის დაზღვევის მექანიზმები და ღონისძიებები. მაგრამ კრიზისული სიტუაციები ქვეყანაში ხშირად გამოავლენs განუსაზღვრელობის პრობლემებს საბანკო სექტორის ფუნქციონირებაში, რასთან დაკავშირებითაც იგი განიცდის სირთულეებს შემდგომ განვითარებაში. საბანკო ინფრასტრუქტურის განვითარების რეგიონული უთანაბრობა და განსხვავება ცალკეული ტერიტორიების საბიუჯეტო-საგადასახადო პოტენციალში იწვევს ქვეყნის საბანკო სექტორის მდგრადობის უზრუნველყოფის საკითხის გამწვავებას. ამასთან დაკავშირებით, ბანკთაშორისი კონკურენციის ეროვნული თავისებურებების განსაზღვრა და მათი სრულყოფის მიმართულებების გამოკვეთის აუცილებლობა ადასტურებს საკვლევი თემატიკის ინტერესსა და აქტუალობას.

***

საბანკო კონკურენცია არის ბანკებს შორის მეტოქეობის პროცესი, რომელიც განპირობებულია განსაზღვრულ ბაზარზე მოგების წყაროებისა და ზრდის შესაძლებლობების შეზღუდულობით და მიმართულია მათ გადანაწილებაზე ყველაზე მეტად ეფექტიანი ბანკების სასარგებლოდ. ფაქტობრივად, ეს განსაზღვრება ასახავს კონკურენციის წინაპირობასაც - განვითარებისათვის შესაძლებლობების შეზღუდულობა, მის შედეგსაც - ყველაზე ეფექტიანი ბანკების ბუნებრივი შერჩევა, და მის დინამიურობასაც -რესურსების მუდმივი გადანაწილება. კონკურენციის სფეროებისაგან დამოკიდებულებით, გამიჯნულია ცნებები შიდა და საერთაშორისო საბანკო კონკურენცია და ბანკების ეროვნული და საერთაშორისო კონკურენტუნარიანობა.

საყოველთაოდ აღიარებული მიდგომისაგან განსხვავებით, საერთაშორისო საბანკო კონკურენცია განხილულია, როგორც კონკურენცია ეროვნულ და უცხოურ ბანკებს შორის ეროვნულ ბაზრებზე. საერთაშორისო კონკურენცია გამოვლინდება ეროვნულ ბაზრებზე ტრანსსასაზღვრო ოპერაციების ან ფილიალებისა და უცხოური შვილობილი ბანკების ოპერაციების ფორმით. ეროვნული კონკურენტუნარიანობის ქვეშ გაგებულია ცალკეული ქვეყნების ბანკების უნარი, კონკურირება გაუწიონ უცხოურ ბანკებს ეროვნულ ბაზარზე. მისგან განსხვავებით, საერთაშორისო კონკურენტუნარიანობა მდგომარეობს ეროვნული ბანკების უნარში, კონკურირება გაუწიონ უცხოურ ბანკებს საზღვარგარეთულ ბაზრებზე.

ბანკების საერთაშორისო კონკურენტუნარიანობა, თავის მხრივ, წარმოდგენილია ორგვარად: საზღვარგარეთულად და უცხოურად. საზღვარგარეთულ კონკურენტუნარიანობაზე საუბრისას მხედველობაში მიიღება ეროვნული ბანკების უნარი, კონკურენცია გაუწიონ უცხოურ ბანკებს უცხოურ ბაზრებზე რეზიდენტი კლიენტების საერთაშორისო ოპერაციების მომსახურებისას. ხოლო, უცხოურ ბანკებთან კონკურირების უნარი არა მხოლოდ რეზიდენტი კლიენტების ეროვნულ ბაზარზე მომსახურებისას, არამედ უცხოელი კლიენტების უცხოურ ბაზარზე მომსახურების დროსაც წარმოქმნის უცხოურ კონკურენტუნარიანობას - საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის განვითარების უმაღლეს ხარისხს.

საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის განვითარების ხანმოკლე ისტორიის ანალიზით დადგენილია, რომ კონკურენციისა და ანტიმონოპოლიური რეგულირებისათვის სამართლებრივი და ორგანიზაციული ბაზის მშენებლობა არათანამიმდევრულობით, წყვეტილობითა და წინააღმდეგობებით ხასიათდებოდა. ისევე, როგორც სხვა პოსტსოციალისტურ ქვეყნებში, საქართველოშიც კონკურენციული პოლიტიკა, როგორც ეკონომიკური პოლიტიკის სრულიად ახალი მიმართულება, გარკვეული ობიექტური პრობლემებისა და არსებული წინააღმდეგობების ფონზე ვითარდებოდა, რასაც კიდევ უფრო ართულებდა 90-იან წლებში ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური ვითარება. 2000-იანი წლების დასაწყისში, ნაცვლად კონკურენციული პოლიტიკის განვითარებისა და საერთაშორისო ნორმებთან მიახლოებისა და ანტიმონოპოლიური სამსახურის სტატუსის გაძლიერებისა, თანდათან გამოიკვეთა ზოგადი კონკურენციული კანონმდებლობის დარგობრივი ნიშნით ფრაგმენტაციისა და იმ დროს მოქმედი ანტიმონოპოლიური სამსახურის დასუსტების მცდელობა. ამრიგად, ანტიმონოპოლიური რეგულირების ოცდაოთხწლიანი პერიოდის დიდი მონაკვეთი გამოირჩევა ქვეყნის ხელისუფლების მიერ კონკურენციული პოლიტიკის როლისა და მნიშვნელობის არასრულფასოვანი დამოკიდებულებით და კანონისა და აღმასრულებელი ინსტიტუტის ფორმალური არსებობით. ანტიმონოპოლიური პოლიტიკის განვითარების აღნიშნული პერიოდის განმავლობაში იყო გარკვეული წარმატებებიც როგორც საკანონმდებლო ბაზის, ასევე ინსტიტუციური განვითარებისა და კანონმდებლობის აღსრულების პროცესში. ამაზე მიუთითებს როგორც ანტიმონოპოლიური სამსახურის საქმიანობის ამსახველი მასალები, ასევე არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციისა თუ უცხოელი ექსპერტის შეფასებაც.

საბანკო კონკურენციის რეგულირების ქართული გამოცდილების დაკვირვების საფუძველზე გაირკვა, რომ კონკურენტული გარემოს უზრუნველმყოფი საკანონმდებლო-სამართლებრივი ბაზის გაფართოება კომერციულ ბანკებს აიძულებს, უფრო ქმედითი ნაბიჯები გადადგან მომხმარებლებისაკენ. აქ იგულისხმება როგორც საბანკო მომსახურების ხარისხი, ასევე მისი მიწოდების გეოგრაფია და ცალკეული საბანკო პროდუქტის ხელმისაწვდომობა. საქართველოს საბანკო სექტორის კონკურენტული გარემოს განმაზოგადებელი მაჩვენებლების ანალიზით დადგენილია, რომ რისკებზე ორიენტირებული ზედამხედველობის პრინციპების გათვალისწინებით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში სულ უფრო მეტი დრო ეთმობა ბანკების მომგებიანობის საპროგნოზო მაჩვენებლების განხილვას. ყურადღება მახვილდება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მასშტაბის ეფექტი, ბაზრის ნიშის ან სხვა კონკურენტული უპირატესობის არსებობა და საპროგნოზო საკრედიტო დანაკარგების შეძლებისდაგვარად შეფასება.

საქართველოს საბანკო სისტემაში წარმოდგენილია მსოფლიოში ბევრი კარგად ცნობილი ბანკი თუ სხვა საფინანსო ინსტიტუტი. აღსანიშნავია, რომ ქართული ბანკების კაპიტალის 86%-ის მფლობელები უცხოელი ინვესტორები არიან. ხშირ შემთხვევაში მსხვილი სესხები გაიცემა მშობელი კომპანიების გარანტიებით და ზოგჯერ სრულად თუ ნაწილობრივ მათ მიერ ფინანსდება. საკმაოდ ხშირია კონკურენტი ბანკების მიერ სხვა ბანკებიდან კლიენტების გადმობირების ფაქტები სესხების რეფინანსირების გზით. ეს ფაქტორი კიდევ უფრო გამწვავდა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ წინსწრებით დაფარვის საკომისიოს 2%-იანი ზედა ზღვარის დაწესების შემდეგ. ეს თვალშისაცემია გამძაფრებული სარეკლამო კამპანიებითაც: სესხების პორტირება, სამი თვის პროცენტი საჩუქრად და სხვა.

კონკურენციას ხელს უწყობს მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესი, რითაც შესაძლებელი გახდა სესხისა და დეპოზიტის რეალური, ეფექტური საპროცენტო განაკვეთის სხვადასხვა ბანკებში შედარება. კონკურენციის მაღალ მაჩვენებელზე მიუთითებს სინდიცირებული სესხების თითქმის არარსებობაც, რაც საკმაოდ ხშირია სხვა ქვეყნებში. სწორედ კონკურენცია იწვევს მარკეტინგის მაღალ ხარჯებს, რაც ასევე თვალში საცემია ჩვეულებრივი მოქალაქისათვის. ამ ხარჯებმა წინა წლებში გადასახადებამდე წმინდა მოგების 9%-ს, ხოლო მთლიანი შემოსავლების თითქმის 3%-ს მიაღწია. საქართველოს ეკონომიკის დაკრედიტების საკმაოდ დაბალი დონის მიუხედავად, სესხის მომსახურების ტვირთი თითოეულ მსესხებელზე საკმაოდ მძიმეა, რასაც მაღალი საპროცენტო განაკვეთები და მოკლე ვადიანობები განაპირობებს. ყოველივე ეს კი, სესხის ყოველთვიურ შენატანს ზრდის. ვადიანობის ზრდა მაღალი საპროცენტო განაკვეთების პირობებში აზრს კარგავს, რადგან ვადიანობის მიუხედავად ყოველთვიურ შენატანში დიდია და არ იცვლება პროცენტის წილი, ხოლო ძირი თანხა უმნიშვნელოდ მცირდება. შესაბამისად, საპროცენტო განაკვეთების შემცირება სასურველია არა მარტო საერთო ეკონომიკური განვითარებისათვის, არამედ აუცილებელი წინაპირობაა თვით ბანკების შემდგომი ზრდის მისაღწევად. საქართველოში, მაღალი საკრედიტო რისკებიდან გამომდინარე, რისკების მართვის ფუნქციის გაძლიერება ბანკების მხრიდან რაციონალური და მოსალოდნელი ნაბიჯია. რისკების მართვის განვითარების წასახალისებლად აქტიურად მუშაობს სებ-იც, რაც, საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, რისკებზე დაფუძნებული ზედამხედველობის პრინციპების მზარდი გამოყენებით გამოიხატება.

საბანკო სექტორში კონკურენტული სივრცის შექმნა და გაფართოება პირდაპირ უკავშირდება კონკურენციის შესახებ საკანონმდებლო ნორმატიული ბაზის გაუმჯობესებას. ხელისუფლების მთავარი გამოწვევა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ დაიხვეწოს საკანონმდებლო მოთხოვნები, რომლებიც ზემოქმედებას ახდენენ საბანკო კონკურენციის რეგულირებაზე. ამასთან დაკავშირებით, გარკვეული ამოცანები დგება საქართველოს ეროვნული ბანკის წინაშე, მისი მარეგულირებელი და საზედამხედველო როლის გააქტიურების თვალსაზრისით. საბანკო კონკურენციის სფეროში არსებული კანონმდებლობის შესწავლის საფუძველზე შეიძლება გამოიკვეთოს, რომ არსებული საკანონმდებლო ნაკლოვანებების გათვალისწინებით, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებმა, სასურველია, შეიმუშაონ და მიიღონ საბანკო სფეროში კონკურენციის სრულყოფის უზრუნველმყოფი კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების მთელი კომპლექსი, შესწორებები შეიტანონ უკვე არსებულ კანონებსა და კანონქვემდებარე აქტებში არაკეთილსინდისიერი კონკურენციის აღკვეთისა და რეგულირების პრობლემატიკის უფრო სრულად მოცვის მიზნით. ასევე დასახვეწია არსებული კანონი „კონკურენციის შესახებ, რომელშიც გაითვალისწინება თანამედროვე მსოფლიო გამოცდილება და რომელიც მაქსიმალურად დაუახლოვდება ევროკავშირის საკონკურენციო კანონმდებლობას და ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის მოთხოვნებს კონკურენციის სფეროში.

საქართველოს საფინანსო-საბიუჯეტო სისტემის ინსტიტუციური და სტრუქტურული მოწყობის არაეფექტურობა საჭიროებს საბანკო სისტემის ფუნქციონირებაზე სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის გაძლიერებას, რაც, თავის მხრივ, მოითხოვს კონკურენტული საბანკო გარემოს ფორმირების ინსტიტუციურ უზრუნველყოფას. საბანკო ზედამხედველობისა და რეგულირების ორგანოებს უნდა შესწევდეთ უნარი, განახორციელონ სისტემური დაკვირვება და ანალიზი საბანკო სექტორის ფუნქციონირებაზე მთლიანობაში, აკონტროლონ მაკროეკონომიკური გარემოს გავლენა ფულად-საკრედიტო სფეროზე და ამ უკანასკნელის ზემოქმედების ხარისხი წარმოების განვითარებაზე, ყველაზე ადრეულ სტადიაზე გამოავლინონ საბანკო სექტორში წარმოქმნილი პრობლემები და შეაფასონ ეროვნული ბანკისა და მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგები, ჩამოაყალიბონ პოზიცია საბანკო რეგულირების ინსტრუმენტების გამოყენების მიზანშეწონილობასა და დროულობაზე.

ბანკების შეფასებისათვის გამოიყენება განსხვავებული მაჩვენებლების ერთობლიობაზე დაფუძნებული სხვადასხვა სახის რეიტინგები. ასეთი რეიტინგები ბანკებს აფასებს სამი ძირითადი მიმართულებით: საიმედოობა, ფინანსური მდგრადობა და კრედიტუნარიანობა. თუმცა, დღეისათვის, ბანკის სტაბილურობის ყველაზე უფრო მეტად საჯარო და გავრცელებულ კრიტერიუმს წარმოადგენს სარეიტინგო სააგენტოების მიერ მინიჭებული საკრედიტო რეიტინგები. საკრედიტო რეიტინგები ინფორმაციას აწვდის კრედიტორს ან ინვესტორს დაბანდებული საშუალებების რისკიანობაზე. ბანკისათვის რეიტინგი გავლენას ახდენს კაპიტალის წვდომაზე და განსაზღვრავს მის ღირებულებას. მენეჯმენტისა და საზოგადოებისათვის საკრედიტო რეიტინგები გამოიყენება, როგორც მოცემული ბანკის წარმატებულობის ინდიკატორი. გამოყენებული მაჩვენებლების სიმრავლის მიუხედავად, საკრედიტო რეიტინგები, უმთავრესად, ფოკუსირდება ფინანსური მდგომარეობის შეფასებაზე, მაშინ როდესაც კლიენტთა მოლოდინებსა და მოთხოვნილებებს არასათანადო ყურადღება ეთმობა. რეიტინგის შედგენის პროცესში გამოიყენება ინფორმაციის დიდი რაოდენობა, რომელიც მიუწვდომელია ფართო საზოგადოებისათვის, მისი შერჩევისა და დამუშავების მეთოდოლოგია იშლება სრული მოცულობით, ანალიტიკოსების დასკვნები და წინადადებები კი ყოველთვის შესაძლებელი არ არის ინტერპრეტირდეს როგორც კონკურენტული უპირატესობა ან ნაკლოვანება. ასევე, ყველა ბანკი ვერ იყენებს სარეიტინგო სააგენტოების მომსახურებას. ეს მიზეზები განაპირობებს ბანკების კონკურენტუნარიანობის შეფასების მეთოდიკის შემუშავების აუცილებლობას, რომელმაც უნდა უპასუხოს შემდეგ მოთხოვნებს: გაითვალისწინოს ბანკის უნარი, დააკმაყოფილოს კლიენტის მოთხოვნილებები და მოთხოვნები; გამოიყენოს უპირატესად საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაცია; დაეყრდნოს უპირატესად შეფარდებით მაჩვენებლებს და მათ საშუალო საბაზრო მნიშვნელობებს, რაც შეესაბამება კონკურენტუნარიანობის შეფარდებით ბუნებას და იძლევა ბაზრის განვითარების თავისებურებებისა და ტენდენციების გათვალისწინების საშუალებას; იყოს სტრუქტურირებული, რათა შესაძლებელი გახდეს მსჯელობა არა მხოლოდ კონკურენტუნარიანობის დონეზე, არამედ ასევე კონკურენტულ უპირატესობებსა და ნაკლოვანებებზე.

ბანკის კონკურენტუნარიანობის შეფასებისადმი მთავარი აქცენტი კეთდება ორ საკვანძო საკითხზე: კლიენტთა ლოიალობასა და ფინანსურ მდგრადობაზე. კლიენტთა ლოიალობის ქვეშ, როგორც წესი, იგულისხმება მათი ერთგულება ბანკისადმი, ანუ მტკიცე კავშირების არსებობა, უპირატესად მისი მომსახურებით სარგებლობა. თუმცა, თუ გამოვალთ პოსტულატიდან, რომ კლიენტების მაღალი ლოიალობა დამოკიდებულია მოცემულ ბანკში მომსახურების მიმზიდველობაზე (მომსახურების ხარისხი, ფასი, იმიჯი და ა.შ.), მაშინ ყოველთვის არსებობს კლიენტების მიგრაციის ალბათობა იმ ბანკში, რომელსაც გააჩნია უკეთესად მომსახურების უზრუნველყოფის უნარი და, მაშასადამე, უფრო მაღალი ლოიალობა. ამრიგად, ლოიალობა, როგორც კონკურენტუნარიანობის ფაქტორი, განაპირობებს აგრეთვე ახალი კლიენტების მოზიდვის ალბათობას.

ბანკის კონკურენტუნარიანობის შეფასების მეორე მეთოდიკა - ბანკის ფინანსური მდგრადობა, წარმოადგენს ბალურ რეიტინგულ მეთოდს. ბანკის კონკურენტუნარიანობის ყოველი ფაქტორის, სუბფაქტორისა და კრიტერიუმისათვის გამოიყოფა ხუთი დონე. უფრო მაღალი რანგის შემადგენელთა შეფასება გამოითვლება როგორც უფრო დაბალი თანრიგის შემადგენელთა შეწონილ შეფასებათა ჯამი. ამ მეთოდიკის გამოყენება ქართული ბანკების კონკურენტუნარიანობის შეფასებისათვის შესაძლებლობას იძლევა, გამოვლინდეს კონკურენტი-ბანკების ჯგუფების ძლიერი და სუსტი მხარეები, შეფასდეს საქართველოს საბანკო სისტემის კონკურენტუნარიანობის თანამედროვე მდგომარეობა და განისაზღვროს მისი სრულყოფის ძირითადი მიმართულებები.

დასკვნა

ამრიგად, კონკურენცია - ყოველთვის ბრძოლაა ბაზარზე საუკეთესო მდგომარეობის მისაღწევად. კონკურენტული ბრძოლის პროცესში ბანკები იძენენ ზოგიერთ კონკურენტულ უპირატესობას. ბანკების კონკურენტული უპირატესობის ქვეშ იგულისხმება მათი უაღრესად მაღალი მიღწევები საქმიანობის შერჩეულ მიმართულებაში მეტოქეთა მიღწევებთან შედარებით, რომელიც აღიარებულია მოცემული სუბიექტის გარემოცვით საბანკო ბიზნესში.

საბანკო სექტორში კონკურენტული სივრცის შექმნა და გაფართოება პირდაპირ უკავშირდება კონკურენციის შესახებ საკანონმდებლო-ნორმატიული ბაზის დახვეწას. ხელისუფლების მთავარი გამოწვევა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ დაიხვეწოს საკანონმდებლო მოთხოვნები, რომლებიც ზემოქმედებას ახდენს საბანკო კონკურენციის რეგულირებაზე.

კონკურენტული უპირატესობა შეიძლება გამომჟღავნდეს მხოლოდ ბანკის გარესამყაროსთან ურთიერთქმედებაში და იგი ერთდროულად გამოდის როგორც კონკურენტული მეტოქეობის მიზანი და ინსტრუმენტი. კონკურენტული უპირატესობა ქმნის კონკურენტუნარიანობას _ სხვა თანაბარ პირობებში, ბაზრის სხვა მონაწილეებთან წარმატებით კონკურირების უნარს. კონკურენტუნარიანობას შეიძლება ფლობდეს საბანკო პროდუქტი _ მომსახურება, თვით ბანკი და საბანკო სისტემა მთლიანად.

ფაქტორების, სუბფაქტორების, კრიტერიუმებისა და მაჩვენებლების სისტემატიზაციის საფუძველზე მნიშვნელოვანია, წარმოდგენილ იყოს ბანკის კონკურენტუნარიანობის შეფასების მოდიფიცირებული მეთოდიკა, რომლითაც შესაძლებელი ხდება კონკურენტი-ბანკების ჯგუფების ძლიერი და სუსტი მხარეების შეფასება, მათი კონკურენტუნარიანობის თანამედროვე მდგომარეობისა და სრულყოფის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა.

გამოყენებული ლიტერატურა 

1. გოგოხია მ., „საბანკო საქმე“, თბილისი, 2007.
2. კოვზანაძე ი., კონტრიძე გ., „თანამედროვე საბანკო საქმე: თეორია და პრაქტიკა“, თბილისი, 2014.
3. მოსიაშვილი ვ., ლომაძე ფ., ქოქოსაძე ფ., „საბანკო საქმე“, თბილისი, ,,დონი’’, 2009.
4. სილაგაძე ნ., ავტორეფერატი „საბანკო სისტემის ჩამოყალიბება და განვითარება საქართველოში“, თბილისი 2012.
5. ქოქიაური ლ., „საბანკო საქმიანობის საფუძვლები“ თბილისი, ,,პოლიგრაფი’’, 2012.
6. ცაავა გ., „საბანკო საქმე“, თბილისი, ,,აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემია’’, 2005.

ინტერნეტ მისამართები
www.nbg.gov.ge
www.geostat.ge
www.lari.ge
www.statistics.ge